ჯანდაცვა

ფხიზლად ყოფნის ბედნიერება




დაახლოებით ერთი წელია, რაც ღამის კლუბებში სიარული დავიწყე და იქაურობა ძალიან შემიყვარდა, რამდენიმე მიზეზის გამო: პირველ რიგში, ვიპოვე თავისუფალი სივრცე, სადაც საკუთარ თავს ბოლომდე გამოხატავ. მეორეც იმიტომ, რომ თანამოაზრეები ვიპოვე და ამით ახალი სამყარო აღმოვაჩინე. 

ნარკოდამოკიდებული არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა ბევრი ადამიანი გავიცანი, რომელიც ბედნიერებას ხელოვნურად ეძებს.  

განვითარებულ ქვეყნებში ადამიანების დიდი ნაწილი იღებს ქიმიურ მედიკამენტებს, ზოგი ნარკოტიკს ან ალკოჰოლს. რაც უფრო მდიდარია სახელმწიფო, მით უფრო მეტი ადამიანი იღებს ანტიდეპრესანტს. ადამიანები ცდილობენ, ხელოვნური გზით მიიღონ სიამოვნება, ვინაიდან ბუნებრივად ეს აღარ შეუძლიათ. 

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საუკუნეში, როცა ადამიანმა მაქსიმალური კომფორტი შექმნა, როცა უფრო მეტად და სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები, ვიდრე ოდესმე, ადამიანებს მეტი ქიმია და ინტოქსიკაცია გვჭირდება სიმშვიდისა და ბედნიერებისთვის. 

დღეს უმსხვილეს ინდუსტრიებს წარმოადგენს იარაღით ვაჭრობა, ნარკობიზნესი, ფარმაცევტული ბიზნესი და ალკოჰოლის წარმოება. 

ჩნდება კითხვა: სად არის ამ დროს კვების ინდუსტრია? დღეს ჩვენ უფრო მეტ ქიმიას მოვიხმართ, ვიდრე ბიოლოგიურად სუფთა საკვებს [რომელიც ძვირია და ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა]. 

მინიმუმ 20 საუკუნის მანძილზე, ადამიანთა ნაწილს სჯეროდა სამოთხის არსებობის, რაც ერთგვარი ნუგეშიც იყო და ცხოვრების მიზანიც: თუ ამქვეყნად ვერ იქნები ბედნიერი და დაიტანჯები, იმქვეყნად მაინც მოხვდები სამოთხეში და იქნები ბედნიერი. იესო ქრისტეს ამქვეყნიური წამება და მერე ამაღლება ბევრისთვის ამის მაგალითი იყო. 

და რა უნდა ქნან იმ ადამიანებმა, რომლებსაც არ სურთ ტანჯვა-წამებაში ცხოვრება, სიკვდილის მოლოდინი და მერე იმ სამოთხეში მოხვედრა, რომელიც ჯერ არავის უნახავს? 

მგონია, რომ ტანჯვის ფენომენი ევროპულ კულტურაზეც დიდ გავლენას ახდენს. სახელოვნებო წრეებში ხშირად ისმის, რომ “შედევრები მხოლოდ ტკივილის ფონზე იქმნება.” რაც უფრო მძიმეა როკი, მეტალი და ტექნო, მით უფრო მეტი მომხმარებელი ყავს. ჩემს თვალწინ იზრდება „დარქ“ მუსიკის მოყვარულთა რიცხვი. 

რატომ? - დღეს ღამის ცხოვრება დეპრესიაში მყოფი ადამიანების თავშესაფრად გადაიქცა. ტექნოლოგიური და ინტელექტუალური განვითარების პიკში მყოფი თაობის გამოკვება სამოთხის არსებობით უბრალოდ არარეალურია. რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო ნაკლები ადამიანი დაიჯერებს სამოთხის რეალობას. 

და რას ვთავაზობთ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ იყვნენ ბედნიერები? უკვე ცნობიერებაში არარსებულ ღმერთებს და ქიმიას? ვაპატიმრებთ ნარკომომხმარებლებს, მაშინ, როცა არ ვთავაზობთ მათ ბედნიერების ალტერნატივას. რა მნიშვნელობა აქვს, რით ვცდილობთ თავის დამშვიდებას: ალკოჰოლით, ნარკოტიკით თუ ანტიდეპრესანტით, თუ საბოლოო ჯამში ადამიანის მიზანი არის სიამოვნება, ბედნიერება და ამის უფლება ყველას აქვს?

ამ მიზნით დავინტერესდი აღმოსავლური კულტურით, სადაც ძალიან ბევრი იდეოლოგია არსებობს სიამოვნების და ბედნიერების მისაღწევად. ერთ-ერთია იოგა. ის მუშაობს ადამიანის ოთხ განზომილებაზე: სხეულზე, გონებაზე, ემოციასა და ენერგიაზე. მისი მთავარი მიზანია სიამოვნების მიღება ოთხივე განზომილებაში. იოგა აღიარებს, რომ არცერთი ტიპის სიამოვნება არ შეიძლება იყოს გამოწვეული გარეშე ფაქტორებით, პირიქით, ყველაფერი ხდება შინაგანად. 

ფაქტია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც აღწევენ ექსტაზს ყოველგვარი ქიმიისა და ალკოჰოლის გარეშე, თუმცა ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ ყოფით პრობლემებს თავი დააღწიო და ამით დაკავდე. ჩვენს დროში ამას ფულიც სჭირდება: უნდა გყავდეს პროფესიონალი ინსტრუქტორი, ისწავლო მედიტაცია და ამით დაიცვა თავი სხეულისა და გონების ინტოქსიკაციისგან. 

ეს ბევრი ადამიანისთვის ნამდვილად არის გამოსავალი, თუმცა მასებზე არ მუშაობს.  ჩვენ აღარ გვაქვს საკმარისი დრო და ნებისყოფა, რომელიც თვითგანვითარებას სჭირდება. ჩვენ ვამჯობინებთ ერთჯერად გართობას, ერთჯერად თრობას, ერთჯერად სექსს და ამით ვიქცევთ თავს.

საკმარისია ეს დროებითი პროცესი შეწყდეს, უმალ ვბრუნდებით დეპრესიულ მდგომარეობაში. საკუთარ თავთან ფხიზელ მდგომარეობაში დარჩენა უსიამოვნო გახდა ჩვენი სხეულისა და გონებისთვის. ამიტომ ველოდებით პარასკევ საღამოს, ან შვებულებას ან ნებისმიერ შესაქცევ მოვლენას, რათა ვიპოვოთ დროებითი ბედნიერება.

განათლების სისტემა გვაძლევს ინფორმაციას ყველაფერზე, რაც გარეგანია და არაფერზე, რაც ჩვენსავე საკუთარ თავს ეხება. ბავშვობიდან ვსწავლობთ მათემატიკას, ლიტერატურას, ქიმიას - უამრავ საგანს, თუმცა, არ ვსწავლობთ, როგორ მივიღოთ სიამოვნება საკუთარი სხეულით და თავით.

ჩვენ ხომ ბიოლოგიური არსებები ვართ და სხეულიდან სიამოვნების მიღება ჩვენი ბუნებრივი მოთხოვნილებაა, რომელიც ლამის სირცხვილად გამოაცხადეს რელიგიებმა. ბავშვებს ვასწავლით, რომ გაიზარდონ სასახელოები და წარმატებულნი, თუმცა, წარმატება არის გარეშე ფაქტორებით მიღწეული სტატუსი და არა შინაგანი მდგომარეობა. 

სისტემის მიზანია მატერიალური გამდიდრება მასობრივი დეპრესიის ზრდის ხარჯზე. ამ ფონზე იზრდება ნიჰილისტების რიცხოვნობაც: რა თქმა უნდა, ინტელექტუალი თაობა აცნობიერებს, თუ როგორ აბსურდულ სისტემაში უწევს ცხოვრება და ირჩევს ლიბერალურ ღირებულებებს, რათა გაექცეს არაფრისმომცემ მორალს. 

თუმცა, მთავარ კითხვად ისევ რჩება: სად ვიპოვო ბედნიერება, რომელიც არც ნიჰილიზმში არ არის, არც კარიერაში, არც კომფორტში და არც მატერიალურ გამდიდრებაში?

როცა ბედნიერებაზე ვსაუბრობთ, სიყვარულსა და ურთიერთობებსაც უნდა შევეხოთ. სიყვარული ხომ ემოციაა, რომლითაც სიამოვნებას იღებს ჩვენი სხეული და გონება. შესაბამისად, ის უნდა ემსახურებოდეს ბედნიერებას. თუმცა, ადამიანების ნაწილი მაინც ახერხებს დაიტანჯოს “სიყვარულით.” 

ჩვენ სიყვარული სხვა ადამიანზე ემოციურ დამოკიდებულებად გადავაქციეთ და მუდმივად ვცდილობთ საკუთარ თავზე მოვირგოთ ჩვენივე სიყვარულის ობიექტი. გვავიწყდება, რომ ყველა ადამიანი ინდივიდია და ვერავის ვერ შევცვლით. 

ასეთ დროს იფიქრებ: ნეტა სკოლაში ურთიერთობების ხელოვნება რომ ესწავლებინათ, იქნებ უკეთესად ყოფილიყო ყველაფერი? როგორ ვახერხებთ, რომ ურთიერთობებიდან ვერ ვიღებთ სიამოვნებას? 

პასუხი მარტივია: ჩვენ არც საკუთარ თავებს ვიცნობთ, არც ურთიერთობა ვიცით და სიყვარულზეც არასწორი წარმოდგენები და მოლოდინები გვაქვს. სწორედ ამიტომ, ღმერთის სიყვარული უფრო მარტივია, ვიდრე ადამიანის: როგორც არ უნდა მოიქცე, ღმერთი არსად წავა, ყველაფერს გაპატიებს, მაინც მიგიღებს.  

პასუხი კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, იყო ფხიზელი და ბედნიერი, არის დადებითი: ფაქტია, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც ამას ახერხებს. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, მაგრამ ჩვენს გარემოში ეს საკმაოდ ძნელია. 

და მაინც, როგორ არის ეს შესაძლებელი?

როცა ვიპოვი კონკრეტულ პასუხს ამ კითხვაზე, აუცილებლად გაგიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას. ერთი რამ ზუსტად შემიძლია ვთქვა: პარასკევიდან პარასკევამდე ცხოვრება და ბედნიერების ჰორმონების ჭარბი ხარჯვა ხელოვნური გზით ნამდვილად არ უდრის ბედნიერებას.

ნამდვილი ბედნიერება თრობით და ერთჯერადი საშუალებებით არ მიიღწევა. ბედნიერება მყარი შინაგანი სიმშვიდის შეგრძნების მდგომარეობაა.

 

 მაგდა ქაჯაია არის 42 წლის ბიზნესმენი, რომელიც დაახლოებით ერთი წელია, რაც თბილისის ღამის კლუბებში დადის. კლუბებში მან არაერთი ახალი მეგობარი შეიძინა. მაგდასთვის ღამის კლუბი საყვარელი ქმრის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრებაში გარდამავალი ეტაპის დასაძლევი დამხმარე რგოლი აღმოჩნდა. მისი ისტორია უფრო ვრცლად ნახეთ ჩვენს სტატიაში - კლუბები და ღამის ცხოვრება თბილისში

 
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>