გარემო

დაბინძურებული ჰაერი და არტერიული წნევა




შესავალი

დიდი ხანია ცნობილია, რომ ჰაერის წვის ნარჩენებით დაბინძურება — განსაკუთრებით ისეთი ნაწილაკებით დაბინძურება, რომელთა დიამეტრიც 2.5 მიკრომეტრს არ აღემატება —  გულსისხლძარღვთა დაავადებებთან და მათ სიკვდილიანობასთან პირდაპირ კავშირშია. მიუხედავად იმისა, რომ ამ კავშირს არაერთი კვლევა ადასტურებს, მექანიზმი, რომლითაც დაბინძურებული ჰაერი გულსისხლძარღვთა პრობლემებს იწვევს, ჯერჯერობით უცნობია. 

ერთი შესაძლო მექანიზმი არტერიულ წნევას უკავშირდება. შესაძლებელია, დაბინძურებული ჰაერი ვეგეტაციურ (ავტონომიურ) ნერვულ სისტემას აზიანებდეს ან ანთებით პროცესებსა და ოქსიდაციური დატვირთვის ცვლილებას იწვევდეს. დაბინძურებული ჰაერის ასეთ ეფექტს არტერიულ წნევაზე გავლენა ექნებოდა, რომელიც, თავის მხრივ, გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკ-ფაქტორია. 

ბოლო დროს გამოქვეყნებული რამდენიმე კვლევა მიგვანიშნებს, რომ შეწონილ ნაწილაკებთან ან საავტომობილო გამონაბოლქვთან მოკლევადიანი (რამდენიმე საათის ან დღის მანძილზე) შეხება წნევის დროებით მატებას იწვევს. თუმცა არსებობს ისეთი კვლევაც, ტაივანიდან, რომელიც დაბინძურებულ ჰაერთან მოკლევადიან შეხებას წნევის კლებას უკავშირებს. 

რაც შეეხება, დაბინძურებულ ჰაერთან გრძელვადიანი შეხების გავლენას არტერიულ წნევაზე, ამ კავშირზე უფრო ცოტა რამაა ცნობილი. რამდენიმე კვლევის მიხედვით, ჰაერის PM2.5-ითა და ჭვარტლით დაბინძურება მომატებულ არტერიულ წნევასთანაა ასოცირებული. ჰიპერტენზიულ პათოლოგიებს უკავშირებენ ნიტრატებსა და საავტომობილო გამონაბოლქვსაც. 

გეოგრაფიულ მონაცემთა ახალი, უფრო მდიდარი, სივრცულად დეტალიზებული ბაზები საშუალებას გვაძლევს ჰაერის დაბინძურების შესახებ სატელიტური თუ სახმელეთო ხელსაწყოების მეშვეობით შეგროვებული ინფორმაცია ჯანმრთელობის კოჰორტულ კვლევებს უფრო მეტი სიზუსტით დავუკავშიროთ, ვიდრე ეს აქამდე იყო შესაძლებელი. 

აქ განხილული კვლევა ამერიკელ ქალთა დიდ ეროვნულ კოჰორტაში ჰაერის შეწონილი ნაწილაკებითა  [PM2.5] და აზოტის დიოქსიდით [NO2] დაბინძურებას სისტოლურ, დიასტოლიკურ და საშუალო არტერიულ წნევას უკავშირებს.  

[სხეულის წნევის ორი მაჩვენებლიდან, მაგალითად: 130/90, 130 არის - სისტოლური და 90 დიასტოლიკური წნევის მაჩვენებელი] 

მასალები და მეთოდები

ინფორმაცია მონაწილე ქალთა შესახებ დების კვლევის მონაცემთა ბაზიდან შეგროვდა. დების კვლევა დიდი ეროვნული პროექტია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც 2003 წელს დაიწყო და ძუძუს კიბოსა და ქალთა სხვა დაავადებებთან დაკავშირებულ გენეტიკურ და გარემოს ფაქტორებს შეისწავლის. ბაზა 50,884 ქალის მონაცემებს შეიცავს, რომლებიც თავდაპირველად იმიტომ შეირჩნენ, რომ მათ ჰყავდათ ძუძუს კიბოთი დაავადებული და, თვითონ კი დაავადება არ აღენიშნებოდათ. 

ამ კვლევისთვის დების კვლევის მონაცემთა ბაზიდან ის ქალები შეირჩა, ვისი საცხოვრებელი ადგილის შესახებ დეტალური და ზუსტი ინფორმაცია არსებობდა. გამოკვლეულ ჯგუფში მოხვდა 43,629 ქალი. 

სატელეფონო ინტერვიუების მეშვეობით შეგროვდა დამატებითი ინფორმაცია მონაწილე ქალების სამედიცინო ისტორიის, ცხოვრების წესის, სოციო-ეკონომიკური მდგომარეობისა და საცხოვრებლის ცვლილების შესახებ. შეგროვდა ინფორმაცია წნევასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებაც. 

კვლევის მანძილზე, საშინაო ვიზიტებისას სპეციალურად მომზადებული პერსონალი მონაწილე ქალებს წნევას რამდენჯერმე უზომავდა. რამდენიმეწუთიანი დასვენების შემდეგ მონაწილე ქალს სფიგმომანომეტრის [სისხლის წნევის გამოსაკვლევი ხელსაწყო] მეშვეობით, სამჯერ უზომავდნენ წნევას ჯერ მარცხენა, შემდეგ მარჯვენა და ბოლოს ისევ მარცხენა ხელით. ვიზიტების უმრავლესობა დილას ტარდებოდა და მონაწილეებს სთხოვდნენ, ვიზიტამდე არ ესაუზმათ. 

როგორც სისტოლური, ისე დიასტოლიკური წნევის მონაცემები მეორე და მესამე გაზომვის საშუალო მაჩვენებლით შეგროვდა. როცა წნევის სამჯერ გაზომვა ვერ მოხერხდა, მონაცემთა ბაზა ერთი ან ორი გაზომვით შეგროვებულ ინფორმაციას დაეყრდნო. 

ასევე შეგროვდა მონაცემები პულსის არტერიალური წნევის შესახებაც, რომელიც დიასტოლიკური წნევის სისტოლური წნევისგან გამოკლებით დაანგარიშდა. საშუალო არტერიული წნევა კი პულსის არტერიული წნევისა და დიასტოლიკური წნევის მეშვეობით განისაზღვრა [პულსის სისხლის წნევა/3 + დიასტოლიკური წნევა]. 

რაც შეეხება ინფორმაციას ჰაერის დაბინძურების შესახებ, ამისთვის კვლევა ამერიკის გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემებს დაეყრდნო. სატელიტური მოდელებით განისაზღვრა ჰაერში შეწონილი ნაწილაკებისა (PM2.5) და აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია მონაწილე ქალთა საცხოვრებელი ადგილის გარშემო. 

განისაზღვრა PM2.5-ისა და აზოტის დიოქსიდის წლიური საშუალო კონცენტრაცია საკვლევი პერიოდის მანძილზე, რათა განსაზღვრულიყო დაბინძურებულ ჰაერთან გრძელვადიანი შეხება კვლევის მონაწილე ქალთა შორის. 

შედეგები 

კვლევაში მონაწილე ქალთა საშუალო ასაკი 55 წელი იყო, მათ 31 %-ს ჰიპერტენზია ან ჰიპერტენზიასთან მიახლოებული მდგომარეობა აღენიშნებოდა. კვლევაში მოხვედრილ რეგიონთა შორის ყველაზე დაბინძურებულ ნაწილში PM2.5-ის კონცენტრაცია 15 მკგ/მ3-ს აღწევდა, ხოლო აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია 25 ppb-ს [ნაწილაკი მილიარდ ნაწილაკში]. 

ჯანმრთელობის კითხვარში მონაწილე ქალები ჰიპერტენზიის პრობლემას უფრო ხშირად უთითებდნენ იმ რეგიონებში, სადაც შეწონილი ნაწილაკებისა და აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია — როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად —  საშუალოზე მაღალი იყო. 

სტატისტიკური ანალიზით გამოიკვეთა პირდაპირი კავშირები დაბინძურებულ ჰაერსა და წნევის მატებას შორის. 

  • PM2.5-ის კონცენტრაციის 10 მკგ/ლ-იანი ზრდა სისტოლური წნევის 1.4 მმ-იან და დიასტოლიკური წნევის 0.4 მმ-იან ზრდას დაუკავშირდა. საშუალო არტერიული წნევის მატებამ 0.8 მმ შეადგინა.

  • აზოტის დიოქსიდის კონცენტრციის 10 ppb-იანი ზრდა პულსის არტერიული წნევის  0.4 მმ-იან ზრდას, სისტოლიკური წნევის 0.2 მმ-იან მატებას და დიასტოლიკური წნევის 0.2 მმ-იან კლებას დაუკავშირდა. 

განხილვა

ეს პირველი დიდი კოჰორტული კვლევაა, რომელიც ჰაერის დაბინძურებასა და ქალებში წნევის პრობლემებს შორის არსებულ შესაძლო კავშირების დასადგენად წნევის ინდივიდუალურად შეგროვებულ მონაცემებსა და თანამედროვე, მაღალი სიზუსტის მქონე მოდელებს ეყრდნობა. აქამდე ჩატარებულ კვლევებს ან არასაკმარისი სივრცული დეტალიზაციის, ან ჯანმრთელობის გადაუმოწმებელ ცნობებზე დაყრდნობის პრობლემა ჰქონდათ. 

კვლევა ცხადჰყოფს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლის გარშემო შეწონილი ნაწილაკებითა და აზოტის დიოქსიდით დაბინძურებული ჰაერი წნევის [როგორც სისტოლური ისე დიასტოლიკური წნევის] მომატებულ მაჩვენებლებთანაა ასოცირებული. ეს კავშირი დადასტურდა მაშინაც, როცა სტატისტიკურ ანალიზში ისეთი ცვლადებიც მოხვდა, როგორებიცაა სოციო-ეკონომიკური სტატუსი, ცხოვრების სტილი, თამბაქოს მოხმარება და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებსაც კვლევის მონაწილე ქალთა შორის არსებული განსხვავების გამოწვევა შეეძლოთ. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ კვლევაში გამოვლენილი წნევის ზრდა ინდივიდუალურად მცირეა, კავშირს მოსახლეობის ზოგადი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია. არ დადასტურებულა პირდაპირი კავშირი ჰაერის დაბინძურებასა და ჰიპერტენზიის დიაგნოზს შორის, თუმცა ამას შესაძლოა ჰიპერტენზიის დიაგნოსტირების პრობლემები იწვევდეს — ჰიპერტენზიის დიაგნოზს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვანაირად სვამენ, ხშირ შემთხვევაში კი მისი დიაგნოსტირება საერთოდ არ ხდება. 

აქამდე ჩატარებული კვლევების უმრავლესობა დაბინძურებულ ჰაერთან მოკლევადიან შეხებაზეა. გრძელვადიანი კვლევა მხოლოდ სამჯერ ჩატარებულა — გერმანიაში, ტაივანსა და კანადაში — და სამივე შემთხვევაში დაბინძურებულ ჰაერსა და არტერიულ წნევის მატებას შორის ისეთივე კავშირები გამოვლინდა, როგორიც აქ განხილულ კვლევაში. 

უცნობია, დაბინძურებული ჰაერის აქ განსაზღვრული ეფექტი მხოლოდ ქალებში ვლინდება თუ უნდა ვივარაუდოთ, რომ შეწონილ ნაწილაკებსა და აზოტის დიოქსიდს მსგავსი ეფექტი კაცებზეც აქვს. კვლევის კოჰორტა მთლიანად ქალებისგან შედგება და ის მხოლოდ ქალთა მოსახლებისთვისაა წამომადგენლობითი. ჰიპერტენზიის გავრცელება ნაკვლევ კოჰორტაში (31%) მთლიანად ამერიკის ქალ მოსახლეობაში მის ზოგად გავრცელებას ემთხვევა. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ კვლევა მხოლოდ საცხოვრებლის გარშემო არსებული ჰაერის მონაცემებს ეფუძნება და ის არ ითვალისწინებს ჰაერს, რომელსაც ქალები სამუშაო ადგილას ან სახლში სუნთქავენ. 

კავშირი, რომელიც ამ კვლევამ აღმოაჩინა, იმ ჰიპოთეზას ამყარებს, რომ დაბინძურებულ ჰაერთან გრძელვადიან შეხებას ვეგეტაციური და გულსისხლძარღვთა სისტემის დისფუნქციების, ათეროსკლეროზის გამოწვევა და არტერიული წნევის ამაღლება შეუძლია. შედარებით მცირე ჰიპერტენზიულ გადახრასაც კი გულსისხლძარღვთა დაავადებების ჩამოყალიბების ალბათობის მნიშვნელოვნად გაზრდა შეუძლია.

 

♦ სტატია - Long-Term Air Pollution Exposure and Blood Pressure in Sister Study თარგმნა გიორგი ცინცაძემ.  გიორგი არის ჩიკაგოს უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი მეცნიერებების მაგისტრი

♦ ილუსტრაციის ავტორია სოფი დათიშვილი

♦ სტატიის თარგმანი ნაწილია 'კაქტუსის' პროექტისა "ჰაერის დაბინძურება და ქალთა ავადობები," რომელიც 'ქალთა ფონდი საქართველოში'  Women's Fund in Georgia მხარდაჭერით ხორციელდება და რომელიც გარემოს დაბინძურებასა და ქალთა ავადობების გავრცელებას შორის კავშირს სწავლობს.

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>