გარემო

დიდი ჰესების პროექტები საქართველოში: საჭიროება, ზემოქმედებები, რისკები




ავტორები:

დავით ჭიპაშვილი, არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაცია, ასოციაცია "მწვანე ალტერნატივას" საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონიტორინგის პროგრამის კოორდინატორი

ცირა გვასალია, ჟურნალისტი, კლიმატის ცვლილების, გარემოს დაბინძურებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია "კაქტუსის" თანადამფუძნებელი

 

♦ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ხშირად ახსენებს ქვეყნის ჰიდრო-რესურსებს - მდინარეებს, როგორც ენერგიის გამომუშავების ერთადერთ პოტენციურ წყაროს საქართველოში. თუმცა, მთელი რიგი სანდო წყაროებისა და მონაცემების, ასევე თვით საქართველოს მთავრობის სხვადასხვა ქვეუწყებების დაწერილი ანგარიშების თანახმად, მისი ეს მტკიცება სამეცნიეროდ დასაბუთებული არ არის.

“ჩვენს ქვეყანაში არის 26 ათასი მდინარე. ასე რომ, არსებობს განახლებადი ენერგიის წარმოების უზარმაზარი პოტენციალი არა მხოლოდ ადგილობრივი მოხმარებისათვის, არამედ თურქეთში მისი ექსპორტისთვისაც,” - ამბობდა ირაკლი ღარიბაშვილი 2015 წელს. 

ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, განვავითაროთ ჰესები,” - განაცხადა ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის 30 ივნისსაც. - “ამის თაობაზე მე ვახსენე ოთხი დიდი ჰესი, ოთხი დიდი პროექტი, რომელზეც მიდის აქტიური მუშაობა, მათ შორის, ხუდონის პროექტზე… „ხუდონი", შემდეგ, „ნამახვანი", „ნენსკრა" … კიდევ არის სხვა რამდენიმე მსხვილი პროექტი და ჯამში ჩვენ შეგვეძლება დაახლოებით სამი ათასი მეგავატი სიმძლავრის ჰესების აშენება მომდევნო ორ-სამ წელიწადში." 

მინიმუმ ერთი ეროვნული დონის დოკუმენტი, “საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა”, - მაგრამ არა მხოლოდ, - წინააღმდეგობაში მოდის ირაკლი ღარიბაშვილის ზემოთხსენებულ მტკიცებასთან და ქვეყნის ენერგოპოლიტიკის მხოლოდ ერთი ტიპის ბუნებრივ რესურსზე დაყრდნობით განვითარებასთან - ესაა კლიმატის ცვლილების გავლენა მდინარეების ჰიდროლოგიურ ხარჯებზე, ჰესებსა და მათ ინფრასტრუქტურაზე:

“გახშირებული ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეები მნიშვნელოვნად აზიანებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. ქარიშხლის, წყალდიდობის, მეწყერის შემთხვევაში ფიზიკურად ზიანდება გადამცემი ხაზები და ანძები. მცირე გადამცემი ხაზები დაუცველია ქარის მიერ დაზიანებული ხეებისგან. გვალვის შემთხვევაში დგება ტყის ხანძრების საშიშროება, რაც, თავის მხრივ, ნებისმიერი სახის ინფრასტრუქტურას აზიანებს,” - წერია “საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის” [National Energy Plan, NAP] დოკუმენტის პროექტში. - “აუცილებელია კლიმატის ცვლილების მიმართ სექტორის მდგრადობისა და მედეგობის სიღრმისეული ანალიზი და მისი განვითარების სტრატეგიის შემუშავება.”

 

ჰიდროლოგიური მონაცემები მდინარეებზე 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, წარმოდგენა საქართველოს მდინარეებზე, მათ რაოდენობასა და შესაძლებლობებზე არასწორია - მტკიცებულებებს არ ეფუძნება. 

საქართველოს მდინარეებზე და მათ ჰიდროლოგიურ პოტენციალზე მონაცემები არც ისეთი ზუსტია, როგორსაც ამას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუთითებს საჯარო განცხადებებში. 

სინამდვილეში, ზოგი ჰიდროლოგის მოსაზრებით, მათგან დაახლოებით 300-მდე მდინარეა შედარებით გამოყენებადი პოტენციური ჰესებისთვის, უმეტესად კი მთის მდინარეები, რომლებსაც მაღალი ვარდნა აქვთ და დატბორვის გარეშე არის შესაძლებელი მათზე ჰესების აშენება.

“კაქტუსმა” გარემოს ეროვნული სააგენტოსგან, რომელიც საქართველოში გარემოს მონიტორინგს ახორციელებს, ექსელის ფაილის სახით მიიღო იმ მდინარეების სია, რომლებზეც საბჭოთა კავშირის პერიოდში ჰიდროლოგიური მონიტორინგი ხორცილდებოდა. ამ დოკუმენტის მიხედვით, მდინარეები შავი და კასპიის ზღვის აუზების მიხედვით არის დაყოფილი. მდინარეების მხოლოდ ნაწილზე [მაგრამ არა 26 ათასზე, არამედ მხოლოდ რამდენიმე ასეულზე], საბჭოთა დროს ჰიდროლოგიური დაკვირვების ათეულობით საგუშაგო ფუნქციონირებდა, მათ შორის, ერთ მდინარეზე [მდინარის სიგრძიდან და წყალუხვობიდან გამომდინარე] რამდენიმე. 

მდინარე რიონზე, რომელიც შავი ზღვის აუზს ეკუთვნის, საბჭოთა კავშირის დროს 21 საგუშაგო [მათ შორის, ღები, გლოლა, უწერა, ონი, ხიდიკარი და ასე შემდეგ] ფუნქციონირებდა და ყოველდღე იღებდა მდინარეზე ჰიდროლოგიურ მონაცემებს. 21 საგუშაგოდან ერთ-ერთი ყველაზე ძველი - ალპანას საგუშაგო - 1936 წლიდან 1993 წლამდე იღებდა მონაცემებს, ყველაზე ახალი კი 2008-2013 წლებს შორის.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და ფინანსური კრიზისის დროს,  საქართველოში საგუშაგოების უმეტესობა მოიშალა. მათი უმცირესი ნაწილი დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში განახლდა, უმეტესად დონორების დაფინანსებით, თუმცა, ფრაგმენტულად და ახალი მონაცემები ბევრად უფრო მწირი და არათანმიმდევრულია, ვიდრე ძველი, რომელიც უწყვეტი იყო.

კომპანიები, რომლებიც ამჟამად საქართველოში ჰესების აშენებით არიან დაინტერესებულები, გარემოს ეროვნული სააგენტოსგან სწორედ ძველ, საბჭოთა დროს აღებულ, ჰიდროლოგიურ მონაცემებს ყიდულობენ, რომელიც სააგენტოს არქივებში ინახება. სააგენტოში არსებობს მონაცემები მდინარეების დღიურ, თვიურ და წლიურ საშუალო ჰიდროლოგიურ ხარჯებზე და მათზე ფასებიც ამის მიხედვით განსხვავდება.

უხეში დათვლებით, კონკრეტული მდინარის საშუალო წლიური ხარჯის შესახებ მონაცემები 150 ლარი შეიძლება ღირდეს, ხოლო დღიური ჰიდროლოგიური ხარჯების შესახებ მონაცემები, რომელიც უფრო მოცულობითია - 7 000 ლარამდე [ეს მონაცემები ძალიან პირობითია და დამოკიდებულია დამკვეთის სურვილებზე].

სააგენტოშივე განგვიმარტეს, რომ მონაცემები ძველია, ხოლო მდინარეები - დინამიური და მათი ხარჯების ცვლილება არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, კლიმატის ცვლილებაზე. 

მდინარის ჰიდროლოგიური ხარჯზე სრულყოფილი მონაცემი შემდეგი მაჩვენებლებისგან შედგება:

  • დღიური ყველაზე მცირე, საშუალო და ყველაზე მაღალი ნიშნულის ჩამონადენი;
  • თვიური ყველაზე მცირე, საშუალო და ყველაზე მაღალი ნიშნულის ჩამონადენი;
  • წლიური ყველაზე მცირე, საშუალო და ყველაზე მაღალი ნიშნულის ჩამონადენი.  

მდინარეებზე უწყვეტ, განახლებულ ჰიდროლოგიურ მონაცემებს კომპანიები ჰესის აშენებამდე, როგორც წესი, არ იღებენ. მათ გარემოს ეროვნული სააგენტოსგან ნაყიდი ძველი მონაცემები შეჰყავთ ჰიდროლოგიური მოდელირების შესაბამის პროგრამაში, სადაც მონაცემების ექსტრაპოლაცია ხდება და ასე ხდება მათი ხარჯის გამოთვლა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის ფარგლებში, და ხშირად, საკმაოდ მაღალ ცდომილებებს იძლევა, ძველი ცვლადების შეყვანის გამო მიუხედავად იმისა, რომ ძველი მონაცემები ათწლეულებისაა და დღიურ მონაცემებსაც მოიცავს. 

ასეთ შემთხვევაში, რთულია მდინარის გარემოსდაცვითი ხარჯის გამოთვლაც: ეს არის წყლის რაოდენობა, რომლის დატოვებაც აუცილებელია კალაპოტში, მდინარის ეკოსისტემური სერვისების [ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და სოციალური საჭიროებები] უზრუნველსაყოფად.

პრაქტიკაში, ხშირად, საწინააღმდეგო ხდება, განსაკუთრებით მცირე ჰესების შემთხვევაში, რომლებიც ისედაც პატარა მდინარეებზე შენდება: არასწორად გამოთვლილი გარემოსდაცვითი ხარჯის და სახელმწიფოს მხრიდან ცუდი მონიტორინგის გამო, მდინარეების ქვეა ნაწილი თითქმის შრება წყალაღების წერტილის შემდეგ, განსაკუთრებით ცხელ სეზონებში, და იქ არსებული ეკოსისტემა ნადგურდება.

მდინარე თერგი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, “დარიალი-ჰესის” წყალაღების წერილიდან დაახლოებით 100 მეტრის ქვემოთ, სადაც მდინარის გარემოსდაცვითი ხარჯი უნდა ყოფილიყო დატოვებული, მაგრამ წყლის მინიმალური ოდენობა მოდის, აპრილის თვეშიც კი. ფოტო © იაგო კაზალიკაშვილი, ადგილობრივი მაცხოვრებელი, 2018 წელი

 

მდინარეების ჰიდროლოგიური პოტენციალის შენარჩუნება პირდაპირ უკავშირდება კლიმატის ცვლილებასაც: მყინვარების ზომისა და მდებარეობის ცვლილებას, რომელიც საქართველოში მდინარეების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსის, მაია ცხვარაძის, ინფორმაციით, "საქართველომ მყინვარების 50% უკვე დაკარგა." მისივე პრეზენტაციის მიხედვით, "კავკასიონის მთათა სისტემაში 535 მყინვარი გაქრა," რაც საფრთხეს უქმნის ჰიდრორესურსებს.

მაია ცხვარაძის პრეზენტაცია. ფოტოზე ჩანს ჭალაათის მყინვარის ისტორიული და შედარებით ახალი ფოტო. ფოტოების თარიღები დაუზუსტებელია. გამოსახულება  © კაქტუსი

 

სამინისტროს დავალება რიონის ჰიდროლოგიურ მონაცემებზე

2019 წელს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სკოპინგის დასკვნა N100-ის მიხედვით, შპს „ენკა რინიუებლზს“ მდინარე რიონზე შემდეგი მონაცემების მოგროვება დაევალა: 

● მდინარე რიონის ჰიდროლოგია;

●  დეტალური ინფორმაცია მდინარის საშუალო წლიურ ხარჯებზე და ჩამონადენის შიდაწლიურ განაწილებაზე;

●  დეტალური ინფორმაცია მაქსიმალურ ჩამონადენზე, მინიმალურ ჩამონადენზე, მყარ ნატანზე;

●  ეკოლოგიური [სანიტარული] ხარჯი [ასევე მისი დადგენის მეთოდოლოგია];

●  დეტალური ინფორმაცია ჰესის მიერ ასაღები წყლის რაოდენობებზე 10%, 50% და 90%- იანი უზრუნველყოფისთვის;

●  მილსადენის გადამკვეთი მუდმივი და დროებითი ნაკადების შესახებ ინფორმაცია;

●  ღვარცოფული ნაკადების შესახებ ინფორმაცია და საჭიროების შემთხევაში
ღვარცოფსაწინააღმდეგო ღონისძიებები, კალაპოტური პროცესების და ნაპირსამაგრი სამუშაოების შესახებ. 

ეს დავალება, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის ფარგლებში, შპს „გამა კონსალტინგს“ უნდა შეესრულებინა. 

ბუნდოვანია, რა იგულისხმება სამინისტროს ჩანაწერში “მდინარე რიონის ჰიდროლოგია.” 

შავ ზღვაში ჩადინებამდე, მდინარე რიონი 327 კილომეტრს, ორ დიდ ქალაქს - ქუთაისსა და ფოთს - გაივლის და მისი წყალშემკრები აუზის ფართობი 13 400 კვადრატული კილომეტრია. 

საეჭვოა, რომ კომპანიას მთლიანად ამ მასშტაბებით შეესწავლა ან დასჭირვებოდა მდინარე რიონის "ჰიდროლოგიის შესწავლა,” რაც საკმაოდ დიდ ფინანსურ დანახარჯებთანაც იქნებოდა დაკავშირებული. მეტი სიზუსტისთვის არ არის მითითებული, მდინარე რიონის კონკრეტულად რა მონაკვეთი იყო საინტერესო კომპანიისთვის და რომელ ნაწილს გამოიკვლევდა პოტენციურად კომპანია „ენკა რინიუებლზი“, “გამა კონსალტინგის” გავლით. 

 

ფინანსური ვალდებულებები და რისკები

გარდა ჰიდროლოგიური მონაცემების ნაკლებობისა და კლიმატის ცვლილების მიმართ მდინარეების მოწყვლადობისა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი არც კი განიხილავს, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით და ფინანსურ რისკებს მაღალკაშხლიანი ჰესების აშენებაზე საუბრისას, არსებობს ბოლო წლების ცუდი გამოცდილებაც, ჰიდრო-პროექტების ხელშეკრულებების შედგენისას.

ეს ხელშეკრულებები, უმეტესად, მშენებელი კომპანიების სასარგებლოდ იყო შედგენილი, ვიდრე საქართველოს მოქალაქეების ან ქვეყნის ენერგოუსაფრთოების ან მომავალში ელექტროენერგიის ლიბერალურ და კონკურენტულ ბაზარზე გასაყიდად.

2015 და 2019 წლებში საქართველოს მიმდინარე მთავრობამ, მინიმუმ, საქართველოში დიდი ჰესის აშენების მსურველ ორ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულებები, რომლებიც, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების [საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ფინანსთა სამინისტროს დაკვეთით შესრულებული მსოფლიო ბანკის ექსპერტების ანალიზი] შეფასებით, საქართველოსთვის და ქართველი გადასახადების გადამხდელებისთვის მძიმე და უსარგებლო ტვირთია.


 

ხელშეკრულება “ნენსკრა ჰიდროს” აშენებაზე

2015 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს მთავრობასა და კორეულ კომპანია K Water-ს შორის, საქართველოში 280 მეგავატი სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის აშენების თაობაზე. 

ხელმოწერის შემდეგ, ამ ხელშეკრულებაში ჩვენთვის ცნობილი მინიმუმ, ერთი ცვლილება შევიდა [გაზიარებული ვერსიაში მოცემულია ხელშეკრულება 2017 წლის 16 ივნისის ცვლილებით]. 

სავალუტო ფონდის შეფასებით, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებით საქართველოს მთავრობის აღებული ვალდებულებები, ჯამში, 8.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს [რაც ქვეყნის 2016 წლის მშპ-ის 66 პროცენტია]. შედეგად, 2021 წლისთვის, ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებს გამომუშავებული ელექტროენერგიისათვის საქართველოს მთავრობას უნდა გადაეხადა 2.1 მილიარდ აშშ დოლარი, რაც ქვეყნის 2021 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის [მშპ] 1.1%-ს შეადგენს.

საქართველოს მთავრობა ამ ვალდებულებების გაქვითვას, მეტწილად, გეგმავს ამ ობიექტებისგან ნაყიდი ელექტროენერგიის გაყიდვით [სემეკ-ის მიერ დადგენილი შეწონილი ტარიფით]; თუმცა, სავალუტო ფონდი, ამ შემთხვევაშიც, ქვეყნისთვის მთელ რიგ რისკებს ხედავს. 

ეს რისკები დაკავშირებულია ელექტროენერგეტიკული ბაზრის დერეგულაციის გამო, ელექტროენერგიის შესასყიდი ფასის შემცირებასთან, მთავრობის შესაძლო გადაწყვეტილებასთან - შეცვალოს არსებული ფასწარმოქმნის სისტემა, ან/და სავალუტო კურსის ცვლილებიდან გამომდინარე [ვინაიდან ვალდებულება აღებულია აშშ დოლარში].

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ნენსკრა ჰესზე გაცემულ გარანტიებს უნიკალურ შემთხვევადაც კი განიხილავს: ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის სხვა ხელშეკრულებებისგან განსხვავებით, ნენსკრა ჰესის პროექტი წარმოშობს დამატებით ფისკალურ რისკებს ქვეყნისთვის. 

  • პროექტის განმახორციელებელი კომპანიისთვის უზრუნველყოფილია კაპიტალში განსახორციელებელ ინვესტიციებზე 12.5%-იანი უკუგების შიდა განაკვეთი;

  • ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სახელმწიფოს მოუწევს ხელშეკრულების გაწყვეტა; შედეგად, საქართველოს მოუწევს პროექტის განმახორციელებელი კომპანიისთვის 800 მილიონი აშშ დოლარისა და დამატებით კაპიტალში განსახორციელებელ ინვესტიციებზე 12.5%- იანი უკუგების შიდა განაკვეთის გადახდა [რაც შეადგენს ქვეყნის 2016 წლის მშპ-ს 6.2%-ს, რომელსაც ემატება უკუგების შიდა განაკვეთის ოდენობაც].

ნენსკრაზე დადებული ხელშეკრულება უარყოფითად შეაფასა ევროკავშირის ენერგეტიკულმა გაერთიანებამაც. 2022 წლის 21 სექტემბრით დათარიღებული ენერგოგაერთიანების დასკვნის თანახმად, ნენსკრა ჰესზე დადებული ჩარჩო-ხელშეკრულება შერჩევით უპირატესობებს აძლევს ინვესტორს, რაც დაკავშირებულია პროექტის განხორციელებაში ჩართული ESCO-ს [საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი] ვალდებულებასთან, რომ ფიქსირებულ ფასად შეიძინოს გამომუშავებული ენერგია 36 წლის მანძილზე, გადაეცეს ინვესტორს პროექტისთვის საჭირო მიწა სიმბოლურ ფასად და გაათავისუფლოს გადასახადებისგან.

“Მწვანე ალტერნატივას” მიერ უშუალოდ ხელშეკრულების გაანალიზების  შედეგად კი ირკვევა, რომ: 

  • სახელმწიფომ ნენსკრა ჰესისგან 36 წლის განმავლობაში მუდმივად უნდა შეისყიდოს ელექტროენერგია მაღალ ფასად [საშუალოდ 10.6 აშშ ცენტად], რაც ბევრად ძვირია, ვიდრე ელექტროენერგიის საექსპორტო ფასი;

  • ხელშეკრულებაში მოცემულ სცენარს თუ მიჰყვა, სახელმწიფო ნენსკრას პროექტით წელიწადში მინიმუმ 60 მლნ აშშ დოლარს იზარალებს;

  • სახელმწიფო აზღვევს ნენსკრას ჰიდროლოგიურ რისკებსაც. მაგალითად, თუ არასაკმარისი  წყლის გამო, ჰესმა ნაკლები ელექტროენერგია გამოიმუშავა, სახელმწიფო მას ამ დანაკლისს აუნაზღაურებს; 

  • Ჰესისთვის საჭირო ასეულობით ჰექტარი მიწის ნაკვეთები და ტყეთა მასივები კომპანიას სიმბოლურ ფასად გადეცა; და ა.შ.

 

ხელშეკრულება ნამახვანზე 

ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიწყო 70-იან წლებში და მისი დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლები ბევრჯერ შეიცვალა, რამდენჯერმე კი პროექტი თავიდან მომზადდა. 

საბოლოოდ, 1983 წელს ჰიდროპროექტის მიერ მომზადებული პროექტით [რომელიც1985 წელს დამტკიცდა] დაიგეგმა 161 მეტრის სიმაღლის თაღოვანი კაშხლის მშენებლობა, რომლის სიმძლავრე უნდა ყოფილიყო 500 მეგავატი, გამომუშავება კი 1.5 მილიარდი კვტ.სთ.

დამტკიცების მიუხედავად, საქართველოში ეროვნული მოძრაობის დაწყებამ და საბჭოთა კავშირის დაშლამ, ეს პროექტი დიდი ხნით შეაჩერა.

2009 წლის 8 დეკემბერს, ნამახვანი ჰესის პროექტი ენერგეტიკის მაშინდელმა მინისტრმა, ალექსანდრე ხეთაგურმა,  „გააცოცხლა“  [საქართველოს მთავრობის სახელით], როცა ხელი მოაწერა მემორანდუმს თურქულ-კორეული კომპანიების კონსორციუმთან, სადაც შედიოდნენ თურქული Nurol Energy Production and Marketing Inc. [„ნუროლი“], კორეული Korea Electric Power Corporation („კეპკო“) და კორეული SK Engineering and Construction Co. Ltd.

2011 წლის ნამახვანი ჰესის ახალი პროექტი საბჭოთა პერიოდში მომზადებული პროექტისგან განსხვავებით,  450 მგვტ სიმძლავრის იყო და სამი ჰესისგან შედგებოდა [ჟონეთი ჰესი - 100 მგვტ, ნამახვანი ჰესი - 250 მგვტ და ტვიში ჰესი - 100 მგვტ], გამომუშავება კი უნდა ყოფილიყო 1.6 მლრდ კვტ.სთ.

მოსახლეობის პროტესტის გამო, როგორც ჩანს თურქულ-კორეულმა კონსორციუმმა ვერ შეასრულა მემორანდუმით აღებული გარკვეული ვალდებულებები და 2012 წელს პროექტი დატოვა ჯერ კორეულმა, მოგვიანებით კი თურქულმა კომპანიამ. 

ამავე წელს კი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თხოვნით, დააფუძნა სააქციო საზოგადოება  „ნამახვანი ჰესების კასკადი“, რომელსაც დაევალა ახალი პროექტის მომზადება და ინვესტორებისთვის შეთავაზება.

2015 წელს კომპანიამ მართლაც  მოამზადა ნამახვანი ჰესის პროექტის სრულიად ახალი ვერსია “გამა კონსალტინგის” დახმარებით, რომელიც წინა პროექტებისგან განსხვავებით,  გულისხმობდა ორი ჰესის მოწყობას [ნამახვანი-ჟონეთი ჰესი და ტვიში ჰესი]. 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი  რესურსების მინისტრმა დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა წლის ბოლოსვე [2015 წლის 25 დეკემბერი] გასცა პროექტზე, რომელიც სრულიად მოუმზადებელი იყო.

დამტკიცებული პროექტით, იგეგმებოდა ორი - 99 და 59 მეტრის სიმაღლის კაშხლების მშენებლობა საერთო სიმძლავრით 433 მგვტ, წლიური გამომუშავება კი 1.5 მლრდ კვტ.სთ უნდა ყოფილიყო. რეზერვუარის საერთო სარკის ფართობი კი 600 ჰექტარს შეადგენდა.

ნამახვანის კაშხლის ლოკაცია,  ამჟამად ამოქოლილი გვირაბით და გზით, რომელიც ტყისკენ მიდის. ფოტო © მწვანე ალტერნატივა, 2022 წელი 

 

ტენდერის პროცესი

ხელშეკრულების მიხედვით, 2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი აცხადებს ინტერესთა გამოხატვას 430 მგვტ სიმძლავრის ნამახვანი ჰესის ასაშენებლად. 

2016 წლის 2 თებერვალს პროექტის მიმართ ინტერესი გამოხატა მხოლოდ ნორვეგიულმა “ქლინ ენერჯი გრუფმა” და შეიტანა განაცხადი. ე.წ. „ტენდერის“ მოსაწყობად.

ფონდმა სატენდერო დოკუმენტები 25 სხვა კომპანიას გაუგზავნა, თუმცა გაუგებარია, გამოხატეს თუ არა სურვილი თავად ამ კომპანიებმა და რა პრინციპით შეარჩიეს ისინი [ინფორმაცია ამ კომპანიებზე არაა წარმოდგენილი]. 

ფონდმა კომპანიებს სთხოვა, წარმოედგინათ ელექტროენერგიის სავარაუდო შესასყიდი ტარიფი, რითაც უნდა შერჩეულიყო გამარჯვებული.

ხუთი თვის შემდეგ, 2016 წლის 7 ივლისს, ნორვეგიული კომპანია აგზავნის პროექტის განხრციელებისთვის საბოლოო შეთავაზებას ფონდში, რომელიც ეფუძნება თურქული კომპანია “ენკას კალკულაციას” [პირად საუბრებში საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებლმა განაცხადეს, რომ მათ სულ სამი შეთავაზება მიიღეს, თუმცა, საჯარო დოკუმენტებით აღნიშნული არაფრით დასტურდება]. 

2017 წლის 17 იანვარს ენერგეტიკის განვითარების ფონდი სწორედ ნორვეგიულ კომპანიას აცხადებს გამარჯვებულად, თუმცა 2019 წლის გაზაფხულზე გამარჯვებულ ნორვეგიულ კომპანიას ანაცვლებს თურქული ენკა [კომპანიის 90% შეიძინა სწორედ თურქულმა კომპანიამ] მიუხედავად იმისა, რომ თავად თურქული კომპანია ტენდერში არც მონაწილეობდა და არც ოფიციალური შეთავაზება გაუკეთებია. 

საბოლოოდ, ხელშეკრულება თურქულ კომპანია “ენკა რინუებლზთან” გაფორმდა.

 

საზოგადოების კითხვები ნამახვანი ჰესის პროექტზე

პირველი კითხვები და უკმაყოფილება პროექტთან მიმართებაში საზოგადოებას გაუჩნდა მაშინ, როდესაც ნამახვანი ჰესზე გაფორმდა კონფიდენციალური ხელშეკრულება 2019 წლის 25 აპრილს. 

საზოგადოებისთვის გაუგებარი იყო, როგორ და რა კრიტერიუმებით შეირჩა 2017 წელს „ჩამონგრეული“ [ყველა ძირითადი სადერივაციო გვირაბი ჩამოიშალა 2017 წლის ზაფხულში] შუახევი ჰესის [187 მგვტ] მფლობელი კომპანია კიდევ უფრო რთული ნამახვანი ჰესის ასაშენებლად, რა ვალდებულებები აიღო მთავრობამ კომპანიის მიმართ ა.შ.

 

Შუახევი ჰესი და მისი კაშხლები: დიდაჭარის კაშხალი 2017 წელს, ექსპლოატაციამდე [ცარიელი], და იგივე კაშხალი 2023 წელს [მარჯვნივ], უკვე ექსპლოატაციის პერიოდში, სადაც ჩანს, რომ მისი კედლებიდან წყალი ჟონავს. ფოტო © მწვანე ალტერნატივა

 

ხელშეკრულების გასაჯაროების შემდეგ, რომელიც  გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტმა” მოიპოვა, კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა პროექტის მისამართით [კომპანიის შერჩევის პროცესი, ხელშეკრულების მთავრობისთვის არახელსაყრელი პირობები, პროექტის საჭიროება, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედება, ა.შ.].

გარდა ხელშეკრულებაში აღწერილი პრივილეგიებისა, რომელიც კომპანიის სასაგებლოდ მუშაობდა და არა საქართველოს სასიკეთოდ, “ენკა რინუებლზს” მთელი რიგი შეღავათები ეძლეოდა საქართველოს მთავრობისგან, რომელიც სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებით ფორმდებოდა.

საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, სხვადასხვა ბრძანებით, კომპანიას, სახელმწიფოსთვის უკუგებული სიკეთეების გარეშე, ეძლეოდა ასეულობით ჰექტრამდე ადგილობრივი მიწები.

მანამ, სანამ პროექტზე დადებითი ეკოლოგიური დასკვნა და მშენებლობის ნებართვა გაიცემოდა, კომპანიას უკვე გადაეცა ასეულობით ჰექტარი მიწა და ტყის მასივები, სხვადასხვა ფორმით [აღნაგობის უფლებით, პირდაპირი მიყიდვის წესით, 99 წლის განმავლობაში ფლობის უფლებით, ა.შ.]. 


 

ხელშეკრულების არახელსაყრელი პირობები

სატენდერო პროცესის და პროექტის განმახორციელებლის შერჩევის გაუმჭირვალე პროცესის გარდა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა ევროკავშირის ენერგოგაერთიანების სახელმწიფო დახმარების წესებთან [State Aid Rules], ხაზგასასმელია მთავრობის მიერ კომპანიის სასარგებლოდ აღებული გაუგებარი და დაუსაბუთებელი ვალდებულებები. მაგალითად, სახელმწიფო:

  • კომპანიას აძლევდა არა მხოლოდ მთლიანად მდინარე რიონის და მისი შენაკადების ექსკლუზიური და შეუზღუდავი გამოყენების უფლებას [რიონზე სხვა ჰესების არსებობის მიუხედავად: ლაჯანური, გუმათი, რიონის კასკადი], არამედ რეზერვუარის შესავსებად, მდინარე ცხენისწყლის გამოყენების უფლებასაც სხვა კომპანიის კუთვნილი [ენერგო პრო] ლაჯანურის სადერივაციო გვირაბის გამოყენების ჩათვლით. 

  • გარანტირებული შესყიდვის ტარიფის გარდა, კომპანიისთვის გარანტირებული იყო დამატებით შემოსავალი ე.წ. დამხმარე სერვისებისთვის, როგორიცაა მეორეული და მესამეული რეზერვის შესაძლებლობა სისტემისთვის;

  • კომპანიას მიეცა უფლება გაეხსნა საბანკო ანგარიში საზღვარგარეთ, სადაც შეეძლო გაყიდული ელექტროენერგიის საფასურის აკუმულირება, რაც ეწინააღმდეგებოდა ჰესის ლობისტების და მთავრობის მტკიცებას, თითქოს ნამახვანის გამო, ქვეყნიდან თანხების გადინება ელექტროენერგიის შესაძენად აღარ მოხდებოდა;

  • მთავრობა კომპანიას პრაქტიკულად ათავისუფლებდა დამატებითი ღირებულების გადასახადისგან [დღგ] და სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული შესაძლო ზიანისგან;

  • სიმბოლურ ფასად გადასცემდა კომპანიას პროექტისათვის საჭირო სახელმწიფო მიწებს, კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში კი უკან, საბაზრო ღირებულებით, იბრუნებდა;

  • სახელმწიო ვალდებული იყო აეშენებინა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი კომპანიისთვის შეუზღუდავი გამოყენების უფლებით;

  • სახელმწიფო ვალდებული იყო თურქეთთან ენერგიის გატარების სიმძლავრე გაეზარდა 1 400 მეგავატამდე, სადაც თურქულ კომპანიას ექნებოდა ექსკლუზიური დაშვება და უფასოდ გამოყენების შესაძლებლობა, მაშინ როცა ამ ხაზისთვის სახელმწიფო იღებდან ასეულობით მილიონი დოლარის სესხს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან;

  • კომპანიის მხრიდან, კონტრაქტის გაწყვეტა არ წარმოშობდა რაიმე ვალდებულებას სახელმწიფოს მიმართ, სამაგიეროდ, კომპანიას შეეძლო მოეთხოვა მის მიერ გაწეული ყველა დანახარჯის დაფარვა სახელმწიფოსგან, მათ შორის, კომპანიის მიერ პროექტისთვის აღებული სესხების კომპანიის გაკოტრების შემთხვევაშიც კი; და ა.შ. [სავარაუდოდ, სწორედ ეს შესაძლებლობა გამოიყენა კომპანიამ კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებულ მიმდინარე საარბიტრაჟო პროცესში სახელმწიფოს წინააღმდეგ].

 

პროექტის საჭიროება

ზემოთჩამოთვლილი პირობების გარდა, არავის შეუფასებია, რა სარგებლობას მოუტანდა ეს პროექტი ქვეყანას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით ცხადად არის განსაზღვრული ეს საკითხი: გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე- 10 მუხლის ((ზ) ქვეპუნქტი) მიხედვით, პროექტში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ინფორმაცია, როგორც გარემოზე შეუქცევადი ზემოქმედების, ისე მისგან გამოწვეული დანაკარგისა და მიღებული სარგებლის ურთიერთშეწონის თაობაზე გარემოსდაცვით, კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ ჭრილში. 

არათუ მსგავსი შეფასება, გარემოს დაცვის სამინისტროს აზრით, პროექტის ეკონომიკურ ნაწილზე მსჯელობა აღემატებოდა სამინისტროს კომპეტენციას და ამიტომ არ იყო გათვალისწინებული დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემის დროს.

გასათვალისწინებელია, რომ ჯერ 2017 წელს სავალუტო ფონდმა და მოგვიანებით [2018 წელს] მსოფლიო ბანკის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაკვეთით, მოამზადეს ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, შეფასება.

ორივე კვლევაში ამ პროექტის ზემოქმედება ქვეყნის ფისკალურ დანახარჯებზე და ელექტროენერგიის ტარიფზე შეფასდა უარყოფითად. 

ამას გარდა არავის შეუფასებია პროექტების დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზი, რაც დაასაბუთებდა პროექტის საჭიროებას ქვეყნისთვის ენეგეტიკულ, ეკონომიკურ, გარემოსდაცვით, სოციალურ და კულტურულ ჭრილში, რითიც დაირღვა საქართველოს გარემოდაცვითი შეფასების კოდექსი.

 

“ენკას” გასვლა საქართველოდან

2020 წლის 20 სექტემბერს „ენკა რინიუებლზმა” 2019 წლის 25 აპრილს საქართველოს მთავრობასთან [რომლის მხრიდანაც ხელს კონტრაქტს ნათელა თურნავა აწერდა] მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულება  [Build-Operate Agreement]  შეწყვიტა.

კომპანიამ ხელშეკრულების შეწყვეტის ძირითად მიზეზებად საქართველოს მთავრობის მხრიდან ა) კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობა და ბ) ფორს-მაჟორი დაასახელა.

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>